Loading...

Loading...
ვაჟა-ფშაველა


მოკლე ბიოგრაფია
გავრცელებული ვერსიის თანახმად ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, თუმცა 1912 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით 1862 წლის 15 მაისს (ახ. სტილით 27 მაისი)

ოჯახი
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-დან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში (დღევანდელი ტოლაანთ სოფელი, თიანეთი) მასწავლებლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

შემოქმედება
ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ალექსანდრე აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვლადიმერ დერჟავინი, ნიკოლოზ ზაბოლოცკი, ოსიპ მანდელშტამი, ბორის პასტერნაკი, მარინა ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.
